"სამართალდამცავებს ბინაში ქალის დანაწევრებული სხეული დახვდათ... ერთ-ერთი ვერსიით, ბრალდებული სირიელი მამაკაცია " - სასტიკი მკვლელობა აფხაზეთში: რას ჰყვებიან ადგილობრივები?
giorgi 25-Dec, 23:48 524 კონფლიქტი
აფხაზეთში დააკავეს მამაკაცი, რომელსაც ცოლის სასტიკი მკვლელობა ედება ბრალად. შემთხვევა, გვიან ღამით, ჩანბას ქუჩაზე მოხდა.
- "მამაკაცი ცოლს სასტიკად გაუსწორდა. ადგილზე მისულ სამართალდამცავებს, ბინაში, ქალის დანაწევრებული სხეული დახვდათ" - წერს DNAbkhazia ტელეგრამ-არხზე.
ერთ-ერთი ვერსიით, მამაკაცი სირიელი იყო, თუმცა ქალის შესახებ ჯერჯერობით დამატებითი ინფორმაცია არ ვრცელდება... ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი, კიდევ ერთხელ მიიჩნევს, რომ ქვეყანაში სასჯელის უმაღლესი ზომა, დახვრეტა უნდა აღდგეს, რადგან ზოგიერთი მათგანისთვის პატიმრობაში ყოფნა ფუფუნებაა...
სხვები მიიჩნევენ, რომ რეგიონში შერჩევითი სამართალი არსებობს, რის გამოც პრივილეგირებულები ყოველთვის შეეცდებიან, დანაშაული დაბალი ფენის წარმომადგენლებს გადააბრალონ და ბრალიც დაუმტკიცონ.
სოციალურ ქსელებში მომხდარის გარშემო მსჯელობისას გამოიკვეთა, რომ რეგიონში უმძიმესი ვითარებაა. ქალები ფაქტობრივად უუფლებოები არიან, რადგან ოჯახის დანგრევა ქალისთვის, მისი მშობლებისა და სანათესავოსთვის ტრაგედიად იქცევა. ასეთი ოჯახი საზოგადოების თვალში დისკრედიტირებულია, ამიტომ ქალები იტანენ მოძალადე, ალკო და ნარკოდამოკიდებულ ქმრებს. ხშირ შემთხვევაში, თავად ოჯახები მოუწოდებენ ქალს, დარჩეს ოჯახში და გაუგოს ქმარს, რადგან ეს მისი არჩევანია...
ამასთან, მოსახლეობაში მიიჩნევენ, რომ ზოგ შემთხვევაში, ქალები მეტისმეტს ითხოვენ და ანგარიშს არ უწევენ მამაკაცს, რაც ოჯახში დაძაბულობას წარმოქმნის...
სოციალური ქსელის მომხმარებლები უამრავ მაგალითს ჰყვებიან, როდესაც ახალგაზრდა გოგონა, ზოგ შემთხვევაში, არასრულწლოვანიც კი, ჯანმრთელობის პრობლემების, ხანდახან ფსიქიკური დარღვევების მქონე მამაკაცზე დააქორწინეს მხოლოდ იმიტომ, რომ კაცი მატერიალურად ძლიერი ოჯახის შვილი იყო, გოგონას კი ღარიბი მშობლები ჰყავდა.
"ჩვენთან ფსიქიკური დარღვევების აღიარება ოჯახისთვის დამაკნინებელია. მას გიჟად იხსენიებენ. ფსიქიატრიული დაწესებულება მოშლილია. კიდევაც რომ ფუნქციონირებდეს, იქ თავისი ოჯახის წევრს არავინ აწვენს, რადგან ასეთი ოჯახი ადგილობრივ სოციუმში ყოველთვის დისკრედიტირებულია.
ამიტომ, ასეთი პრობლემის წინაშე მდგომი ოჯახები, შშმ პირს, რომელსაც ეს სტატუსი უმეტეს შემთხვევაში არ აქვს, მალავენ, ან სახლში კეტავენ. ზოგი მხოლოდ დამამშვიდებლებზე ჰყავთ, პრობლემას არ აღიარებენ, თხოულობენ მისთვის ცოლს (ზოგ შემთხვევაში, იტაცებენ გოგონას) და ჯანმრთელობის პრობლემების მქონე კაცთან ჩვეულებრივ ცხოვრებას აიძულებენ...." - წერენ ადგილობრივები სოციალურ ქსელებში.
"რამდენი სასმლისგან ან ნარკოტიკის მოხმარებისგან ფსიქიკადარღვეული ადამიანია, რომელთაც ოჯახები, ცოლი და შვილები ჰყავთ... რამდენზე ვიცით, როდესაც ნასვამ მდგომარეობაში ქმარი ძალადობს, მაგრამ სხვა არ ერევა, რადგან მიაჩნია, რომ ეს მისი საქმე არ არის. თან მეზობლის გადამტერებასაც ერიდება" - წერს ესმა კვიცინია.
"ეტყობა, მოძალადეს დეპრესიული ფონი ჰქონდა. როგორც ჩანს სირიელმა, სულიერი ტრავმები ვერ დაძლია და აგრესიის სხვაზე გადმოტანა საუკეთესო საშუალებად მიიჩნია" - წერს abkhaz-auto.ru-ს კომენტარებში კიდევ ერთი ადგილობრივი.